დღეს, 14:00 სთ-ზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა აქცია, სახელწოდებით - „არა ხმაურს“.
„მოგვეცით ძილისა და დასვენების საშუალება,“ „სასტუმრო ბიზნესი ზარალდება,“ „დაიცავით ბავშები და მოხუცები,“ „არა დაკანონებულ უკანონობას,“ - ასეთი იყო აქციის მონაწილეების გზავნილი.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანია, გამოხატონ მოსახლეობის წუხილი, ქალაქში არსებულ გადაჭარბებულ ხმაურთან დაკავშირებით და დააჩქარებინონ საქართველოს პარლამენტს ხმაურის შემზღუდავი კანონის მიიღება.
„ეს არის პირველი აქცია ხმაურთან დაკავშირებით. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ქუჩის აქცია არ მოგვეწყო, მაგრამ, ეტყობა, სხვანაირად არ გამოდის. იმისთვის, რომ შეგამჩნიონ, უნდა იხმაურო. ასე რომ, ჩვენ ხმადაბლა ვხმაურობთ ხმაურის წინააღმდეგ,“ - გვითხრა აქციის მონაწილემ, მწერალმა პაატა ქურდაძემ.
„გვაქვს კონსტიტუციური უფლება, ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, გვონდეს ძილისა და დასვენების უფლება, რაც ირღვევა ამდენი წლის მანძილზე,“ - ამბობდა საზოგადოებრივი კავშირის - „არა ხმაურს,“ წარმომადგენელი, ანა რატიანი.
აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტს ხმაურის საწინააღმდეგო კანონპროექტის მიღების თხოვნით, 600-მდე ხელმომწერმა უკვე მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.