რეგიონული გამოცემა reginfo.ge-ის ინფორმაციით, 15 მაისს 37 წლის ვლადიმერ მჭედლიშვილს სიღნაღის პოლიციაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ნეკნები ჩაუმტვრიეს. ვლადიმერ მჭედლიშვილი „რეგინფოსთან“ ამბობს, რომ ის დააკავეს, რადგან სიღნაღის ქორწინების სასახლესთან ლუდს სვამდა.
„პოლიციის შენობაში, ხელმარცხნივ პირველივე ოთახში შეყვანისთანავე პოლიციელმა გიორგი ნოზაძემ ცემა დამიწყო. ორი პოლიციელი მაკავებდა, ნოზაძე მაგინებდა და მირტყამდა. როცა ნახეს, რომ წინააღმდეგობას არ ვუწევდი და არც ვაგინებდი, ხელი გამიშვეს. მხოლოდ თავს ვიცავდი. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა მუშტებით, ხელებით, ფეხებით, თავის არეში, ფერდებში. როცა დავეცი, რამდენჯერმე წიხლი ჩამარტყა მენჯის არეში. ტკივილს ვეღარ ვუძლებდი და ვუთხარი, ნუ მირტყამ, ძალიან მტკივა, მგონი, რაღაც გამიტყდა-მეთქი. ამ სიტყვების მერე იმ ადგილში უფრო მეტად დამიწყო წიხლის ცემა. ამის მერე იქ მყოფ პოლიციელებს უთხრა, რომ შეედგინათ ჩემი დაკავების ოქმი. ცხელ ხაზზე ან ოჯახის წევრებთან დარეკვა მოვთხოვე და უარი მითხრა, არ დამარეკინა“, – უამბო „რეგინფოს“ ვლადიმერ მჭედლიშვილმა
მჭედლიშვილის თქმით, მას რამდენიმეჯერ დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.
Reginfo.ge-ის ინფორმაციით, სასამართლომ ვლადიმერ მჭედლიშვილი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. სასამართლომ ვლადიმერ მჭედლიშვილს 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ, პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო