სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემის საკითხზე შუალედურ ინფორმაციას აქვეყნებს.
აუდიტის განცხადებაში ნათქვამია, რომ , აუდიტის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 30 მარტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის განკარგულებებით შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებულ 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მერიამ შპს-ს გადასცა ორი მიწის ნაკვეთი, დელისის ქუჩის მიმდებარედ, ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის, საერთო ფართით 6 708 კვ.მ. გასაცვლელი მიწის ნაკვეთები შეაფასა ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომლის მიხედვით შპს-ს საკუთრებაში არსებული 2 302 კვ.მ მიწის ღირებულებამ 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით შეადგინა - 2 615 100 ლარი, ხოლო მერიის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთების ღირებულებამ - 2 980 200 ლარი. ფასთა შორის არსებული სხვაობა - 365 500 ლარი, შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ გადაუხადა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს.
აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ შუალედურ ინფორმაციას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ.