22 გარდაცვლილი და 60-მდე დაშავებული - ვინ დგას მანჩესტერში, არიანა გრანდეს კონცერტზე მომხდარი აფეთქების უკან?
- აფეთქების ხმა მანჩესტერ არენას ფოიეში შოუს დასრულებისთანავე, სწორედ მაშინ გაისმა, როდესაც მაყურებელი უკვე კონცერტს ტოვებდა. თავად 23 წლის პოპმომღერალი ინცინდენტს უვნებლად გადაურჩა. კონცერტს ძირითადად თინეიჯერები ესწრებოდნენ.
- ტერაქტის შემდეგ პოლიციამ სტადიონიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით საეჭვო ნივთი აღმოაჩინა, თუმცა გამნაღმველების მისვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ტანისამოსი იყო.
- დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ტრაგედიას „საშინელი ტერორისტული თავდასხმა უწოდა“. 23 მაისის დილას სამართალდამცავებმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მომხდარი ტერორისტული აქტია. თვითმკვლელმა ტერორისტმა სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამაგრებით შეაღწია მანჩესტერ არენაზე და თავი აიფეთქა.
- CNN-ის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში, დიდი ბრიტანეთი ისლამისტი ტერორისტების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება. მანჩესტერის ტრაგედიამდე ტერაქტი ქვეყანაში ბოლოს 2017 წლის 22 მარტს მოხდა.
რა არ ვიცით
- მანჩესტერ არენა 21000 მაყურებელს იტევს, თუმცა რამდენი ადამიანი ესწრებოდა კონცერტს, ამ დროისთვის უცნობია.
- ვინ იდგა ტერორისტული აქტის უკან, ამ დრომდე გაურკვეველია. ამჟამად, სამართალდამცავები ცდილობენ გამოიძიონ, მარტო მოქმედებდა თავდამსხმელი, თუ რომელიმე დაჯგუფების წევრი იყო.
- სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ტერაქტში „ისლამური სახელმწიფოს" მონაწილეობა, ჯერჯერობით, არ დასტურდება.
- ამ დროისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი დაუდგენელია. დაშავებულთა ჭრილობები ამტკიცებს ვერსიას, რომ ბომბი კუსტარულად იყო დამზადებული და მეტალის ნამსხვრევებით იყო გაჯერებული.