საზოგადოებრივი მაუწყებლის მხატვრული სერიალების სცენარების კონკურსში საუკეთესო სცენარები გამოვლინდა. კონკურსი ორ ჟანრში იყო გამოცხადებული - მელოდრამა და დეტექტივი
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივის ჟანრში გამარჯვებული გახდა ილია ჯიბღაშვილისა და ბესო სოლომონაშვილის „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“, მელოდრამის ჟანრში კი სანდრო ჯანდიერისა და ბასა ჯანიკაშვილის „ლივლივმა“ გაიმარჯვა.
სერიალების სცენარების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში შესული 45 განაცხადიდან მეორე ტურში 15 გადავიდა. სცენარების შესაფასებლად და შესარჩევად შექმნილი კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტებისგან იყო დაკომპლექტებული.
კომისია საუკეთესოდ დასახელებული სცენარების შესახებ რეკომენდაციით მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, რომელიც პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.