„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით მაჭარაშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც „ლიბერალს" თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, მას აღკვეთის ღონისძისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეცვალა და გირაოს სახით 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
მაჭარაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ „გამოძიების თანახმად, დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც ქვეყანაში მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები“.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.