პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მალე შრომის ინსპექციისა და უსაფრთხოების შესახებ პარლამენტში კანონპროექტი შევა. ჩუგოშვილის თქმით, შრომის ინსპექციის შექმნა ბიზნესს არ დააზარალებს, პირიქით ეს ეკონომიკის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.
„ამ ეტაპზე შრომის ინსპექციას და შრომის უსაფრთხოებას არ გააჩნია სამართლებრივი ბაზა, ანუ არ არსებობს კანონის დონეზე დადგენილი წესები, სტანდარტები, ვალდებულება შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით. ამოსავალი წერტილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ, პირველ რიგში სწორედ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნაა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა
„ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ კანონპროექტს შრომის უსაფრთხოებასა და შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით, რომელიც დიდწილად უპასუხებს იმ გამოწვევებს და იმ სამართლიან კრიტიკას, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სახალხო დამცველისგან თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისგან. საქართველოს პარლამენტი აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, - ამბობს ჩუგოშვილი
დღეს კონფერენცია „შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში" EMC-ის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და ფრიდიხ ებერტის ფონდის (FES) ორგანიზებით გაიმართა.