დღეს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება, სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობების განსაზღვრა, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. კანონპროექტი განსაზღვრავს შრომის ბაზარზე არსებული დაწესებულებებისათვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ოპერირების ერთიან სტანდარტს.
კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება განსაკუთრებულ შემთხვევაში არაგეგმიურად შევიდეს მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე, ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. კანონპროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობით შეიმუშავა.