საატესტატო გამოცდებზე ზღვარი 11 000-მდე მოსწავლემ ვერ გადალახა,- ამის შესახებ „ლიბერალს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გასათვალისწინებელია, რომ იმ მოსწავლეთა საერთო რაოდენობაში, რომლებმაც წელს საატესტატო გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახეს, არიან ის მოსწავლეებიც, რომლებიც შარშან გამოცდებზე ჩაიჭრნენ, წელს გავიდნენ გამოცდაზე, მაგრამ ზღვარი ვერ გადალახეს. როგორც ცენტრში აცხადებენ, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"საატესტატო გამოცდები გუშინ დამთავრდა და რამდენიმე დღეში შეჯამდება ზუსტი შედეგები. დაახლოებით 11 ათასი მოსწავლეა, რომელმაც ვერ გადალახა გამოცდების ზღვარი. ტექნიკური საგნები უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე სხვა საგნები. ისმის ჩივილები, რომ პროგრამას არ ემთხვეოდა გამოცდის შინაარსი, თუმცა ეს ასე არ არის. კომპიუტერით ადაპტირებული ტესტირება იმას გულისხმობს, რომ ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ მოწმდება, ცოდნის გამოყენება რამდენად შეუძლია მოსწავლეს",- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს საატესტატო გამოცდებზე დაახლოებით 48 000-მდე მოსწავლე გავიდა.
მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 24 მაისს მათემატიკის გამოცდით დასრულდა.