„პირველად ისტორიაში, ჩვენ გვყავს კრემლის ექსტრემისტული ძალები პარლამენტში" - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა, რომელიც თბილისში იმართება.
მისი თქმით, მეტწილად, საზოგადოება NATO-სა და ევროკავშირის მომხრეა, თუმცა ამ განწყობაში „გაჩნდა ეროზია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ".
„ამის ერთ-ერთი მიზეზი არის რუსული პროპაგანდის ფაქტორი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაშიც პრობლემური საკითხია. საქართველოში ეს პროაგანდა არა რუსულ, არამედ ქართულ ენაზე ვრცელდება. მონიტორებმა დაადგინეს, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული ზოგჯერ ასეთი [პროპაგანდისტული] მედიების დაფინანსებაზე იხარჯება" - თქვა კანდელაკმა.
დეპუტატის კრიტიკას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უპასუხა.
მისი თქმით, პარლამენტში პრორუსული პარტიების ყოლით საქართველო არ არის გამონაკლისი ევროპაში.
„ჩვენ ასეთ ტენდენციებს ვხედავთ როგორც ევროპის, ისე სხვა ქვეყნებში. პარტიებს, რომელთაც არც კი ჰქონდათ შანსი პარლამენტში მოხვედრისა, მოხვდნენ პარლამენტში. ასე რომ, ეს საერთო ტენდენციაა, საერთო განწყობის წინაშე ვდგავართ, რაც საერთო მობილიზების და ძალისხმევის გაწევის მიზეზს გვაძლევს ჩვენი ღრებულებების დასაცავად" - თქვა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.