საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. Amnesty International მოუწოდებს საქართველოს, არ გადასცეს თურქეთს დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთში ჩაბუქი, შესაძლოა, წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ადამიანის უფლებათა სხვა სერიოზული დარღვევების მსხვერპლი გახდეს.
ორგანიზაცია ასევე მიმართავს საქმით დაინტერესებულ პირებს, გაგზავნონ შესაბამისი წერილები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სახელზე, რათა საქართველომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და არ მოახდინოს დეპორტაცია, ექსტრადიცია ან სხვა ფორმით მუსტაფა ჩაბუქის დაბრუნება ქვეყანაში, სადაც მას შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებული ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ თურქეთის მთავრობა ზეწოლას ახორციელებს მოკავშირეებზე, რათა მათ ფეთულა გიულენის სავარაუდო მხარდამჭერების წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯები გადადგან.
24 მაისს თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. ადვოკატის სოსო ბარათაშვილის თქმით, თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს 3- თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.