ორი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. მიმართვის ტექსტს „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ.
„2017 წლის 24 მაისს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოთხოვნის საფუძველზე, დააკავეს ბატონი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლის ავტორიზაციის გაუქმება და ჩაღლარის ქსელის სასწავლო დაწესებულებებში ფინანსური პოლიციის შესვლა.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებით ეჭვი ჩნდება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაზე უცხო ქვეყნის შესაძლო პოლიტიკური ზეგავლენის შესახებ. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა უცხო ქვეყნის პოლიტიკური გავლენისგან.
ბატონი ჩაბუქი 15 წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს, მუშაობს საგანმანათლებლო სფეროში, ახორციელებს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებს. მას აქვს მუდმივი ბინადრობის უფლება. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებიდან აგრეთვე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბატონი ჩაბუქის ექსტადიციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. იმედს გამოვთქვამთ, საქართველოს მთავრობა ყველა ზომას მიიღებს, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეისწავლოს დაკავებული ბრალდებულების მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით, რათა ბატონი ჩაბუქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება დაცული იყოს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს როგორც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვა, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მასწავლებლებზე პოლიტიკური ზეგავლენის თავიდან არიდება."
თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით ემრე ჩაბუქს 3- თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მუსტაფა ემრე ჩაბუკის ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, ასევე დაკავებული საქართველოს ხელისუფლებას ლტოლვილის სტატუსის მიღების მოთხოვნით მიმართავს.