სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა აფგან მუხთარლის საქმეზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდარის გამო უნდა დადგეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი.
„ეს არის ძალიან სამწუხარო და საგანგაშო ფაქტი, როდესაც ქალაქის ცენტრში იკარგება ადამიანი და შემდეგ ის აღმოჩნდება მეზობელ ქვეყანაში, ამასთან ის არის წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. უნდა დადგეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, თუ არ იქნება გაცემული პასუხი, რამდენად არის ქვეყანაში თითოეული მოქალაქე დაცული. სამწუხაროდ, მომხდარი მიქმნის განცდას, რომ ამ ქვეყანაში არავინ არის დაცული და ასეთი ფაქტი შეიძლება განმეორდეს. მით უმეტეს, როცა საუბარია მეზობელ სახელმწიფოში მოქალაქის გადაყვანაზე და ეს არ იცოდა სახელმწიფომ, არის საგანგაშო, მაგრამ თუ იცოდა, კიდევ უფრო უარესი და სამწუხარო ფაქტია“.
აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტის თქმით, ის ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. "დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ", - ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას" მუხთარლის ადვოკატმა, ელჩინ სადიყოვმა განუცხადა.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდათ.
„მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ და როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის, რომლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. ადვოკატ სადიყოვის თქმით, სასამართლო მუხთარლის დაკავების საკითხს ოთხშაბათს განიხილავს", - წერს „რადიო თავისუფლება".