„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან 14 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით, ვებგვერდზე www.tprize.ge.
კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველომ“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საკონკურსო პირობების პრეზენტაცია დღეს გამართეს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო ან კერძო სკოლაში.
აპლიკანტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან:
- მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესება;
- სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;
- ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
- საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
- პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება; მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, მესამე ეტაპზე კი - მიმდინარე წლის 20 სექტემბერს - გამოვლინდება ხუთი ფინალისტი. რომელთაგან ერთ-ერთიც 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს ჯილდოს მფლობელი გახდება. კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს.
გამარჯვებულს ფულადი პრიზი კამპანიის გენერალური სპონსორის, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა.
როგორც პრეზენტაციისას ითქვა, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 13 მაისს დაწესდა.