პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლის დამამთავრებელ გამოცდაზე ტექნიკური მიზეზებისა თუ ემოციური ფონის გამო ჩაიჭრნენ, გამოცდის გადაბარების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. მისივე თქმით, გამოცდების სისტემა დღეს „მკაცრი და მოუქნელია“, ამიტომ საჭიროა სისტემა მეტად ჰუმანური გახდეს. ამის შესახებ მარიამ ჯაშმა კონფერენციაზე - „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ ისაუბრა. რასაც კონფერენციაზე დამსწრეთა შორის არაერთგვაროვანი რეაქცები მოჰყვა.
„ვერიდები საზოგადოებისთვის ზედმეტი მოლოდინის შექმნას მიმდინარე წლის საგამოცდო პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მომავალი წლისთვის უფრო მოქნილი გახდება საგამოცდო სისტემა. აქ არ არის საუბარი ხარისხის კომპრომისზე ან ბარიერების დაწევაზე. მაგრამ არაერთი შემთხვევა ვიცით,როცა სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო რეგისტრაციასთან დაკავშირებით, გამოცდის გარეთ დარჩენილან მოსწავლეები, რის გამოც, მთელი წილის გეგმების შეცვლა უწევთ მათ და მათ ოჯახებს. მძიმე ემოციური ფონის გამო სუიციდის მცდელობის ფაქტებიც დაფქსირდა, სტატისტიკის მოყვანა გამიჭირდება თუმცა საზოგადოებაში გაჟღერდა, რომ რამდენჯერმე ყოფილა მსგავსი მცდელობა მძიმე ემოციის ფონზე. უნდა ვეცადოთ, რომ საზოგადოებაში გამოცდების მიმართ ზედმეტად სტრესული დამოკიდებულება შეიცვალოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა მოსწავლე 12 წელი წარმატებით გადის სასწავლო პროცესს, მაგრამ სხვადასხვა ტექნიკური ან ემოციური ფონის გამო, ერთ გამოცდაზე ჩაჭრით მთლიანად ეცვლებათ გეგმები, ეს ძალიან რთულია, როგორც მოსწავლისთვის, ისე მშობლისთვის“.
მარიამ ჯაშის თქმით, რეგიონებში ვიზიტებისას არაერთხელ დასმულა საგამოცდო სისტემის მოუქნელობასთან დაკავშირებით საკითხი, ამიტომ ფიქრობს, რომ მეტად მოქნილი სისტემა დადებითი შედეგის მომტანი იქნებოდა მოსწავლეებისათვის.
„ყველა ვაფასებთ იმ ცვლილებას, რომელიც გამოცდებთან დაკავშირებით მაია მიმინოშვილის ძალისხმევით რამდენიმე წლის წინ განხორციელდა ქვეყანაში, მაგრამ ყველა სისტემა მოითხოვს დახვეწას და ვფიქრობ, არ უნდა ვერიდებოდეთ იმ საკითხზე საუბარს, რაც ჩვენი საზოგადოების გულისტკივილია“,- განაცხადა მან.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, მომავალი სასწავლო წლისათვის აღნიშნულ საკითხს განიხილავენ, თუმცა მისი თქმით, არსებობს სხვა რისკებიც,- „მეორე მხრივ, აქ არის სერიოზული საფრთხეები, რადგან დამატებით გამოცდას ერთი ადამიანისთვის ვერ გავაჩენთ, უნდა გაჩნდეს ყველასთვის. ამან კი შესაძლოა შედეგიანობაზე, პირიქით, უარყოფითად იმოქმედოს, მეორე გამოცდის იმედით, მოსწავლეები პირველს ნაკლები მოტივაციით მიუდგნენ. ეს სერიოზული მსჯელობის საგანი იქნება და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას“.