
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადების ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ახლოდან დააკვირდება ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების ფაქტის გამოძიებას საქართველოში.
„აშშ შეწუხებულია 30 მაისს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტით, რასაც აზერბაიჯანში მისი დაპატიმრება მოჰყვა. ასევე შეწუხებული ვართ 25 მაისს აზერბაიჯანში „ეროვნულ ფრონტის" თავმჯდომარის მოადგილის, გოზალ ბაირამლის დაპატიმრებით.
მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელიც დაპატიმრებულია საკუთარი ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის გამო, საერთაშორისო და ეუთოს დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
ახლოდან ვაკვირდებით საქართველოს მთავრობის მიერ სავარაუდო გატაცების გამოძიებას და მოვუწოდებთ, რომ ის სრული, გამჭვირვალე და დროული იყოს" - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
დღეს მუხთარლის საქმეზე განცხადება გაავრცელა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც. იგი ამბობს, რომ შექმნილი ვითარება ქვეყნის იმიჯს აზიანებს. მისვე განმარტებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი, ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს.
პრემიერი პრეზიდენტს მოუწოდებს, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა.
პრემიერი: მივმართავ პრეზიდენტს, მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მოქალაქეობა მიანიჭოს
აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.
ადვოკატების თქმით, ჟურნალისტი ნაცემია და მას სავარაუდოდ ნეკნი აქვს გატეხილი.
საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს.
მუხთარლის სასამართლომ სამთვიანი წინასწარპი პატიმრობა შეუფარდა.
აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა.