მთავრობის კანცელარიასთან დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად, აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ, არ დაუშვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა, პოლიტიკური დევნის, წამების, არაადამინური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ აქციას სტუდენტები და მასწავლებლები უერთდებიან ქუთაისიდან, მარნეულიდან, ბათუმიდან და რუსთავიდან.
თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.
ემრე ჩაბუქს სასამართლომ 3-თვიანი წინასწარ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პროცესის პარალელურად დაკავებულის ადვოკატებმა ლტოლვილთა სამინისტროს მუსატაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს.