იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილს სასამართლოში პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით უჩივის.
როგორც ადვოკატი „ლიბერალთან" საუბარში განმარტავს, საქმე ნათელაშვილის მიერ სხვადასხვა თანამდებობის პირების, მათ შორის თეა წულუკიანის ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის შესახებ განცხადებებს ეხება.
„როცა წულუკიანი სტრასბურგში მუშაობდა, 8 000 დოლარი ჰქონდა ხელფასი. იმ პერიოდში სტრასბურგში იყიდა ბინა, რომლის იპოთეკური სესხი 2029 წლამდე უნდა დაეფარა. როცა სტრასბურგიდან ჩამოვიდა საქართველოში, სადაც 3-4-ჯერ ნაკლები ხელფასი ჰქონდა, მოახერხა, რომ ერთიანად გადაეხადა დარჩენილი თანხა. სწორედ ამაზე გაავრცელა შალვა ნათელაშვილმა ინფორმაცია, რომ როცა ივანიშვილი მინისტრებს და დეპუტატებს საკუთარი ბანკიდან აძლევს სესხს დასაფარად, მის წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავენ. როცა მმართველობის ოლიგარქიული სტილია, მის წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავენ, ყოველთვის ჭკვიანად იქნებიან. ეს განცხადება წულუკიანმა შეურაცხყოფად მიიღო და საქმე სასამართლოში შეიტანა“ - ამბობს შალვა ნათელაშვილის ადვოკატი მარინე ცუცქირიძე.
მისი თქმით, წულუკიანმა სარჩელი სასამართლოში თებერვალში შეიტანა და საქმის განხილვა 6 ივლისს ჩაინიშა. თუმცა, მისივე თქმით, საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბერში ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი ასევე პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით, თუმცა სასამართლო პროცესი არ ჩანიშნულა.
„მაშინ ივანიშვილმა თქვა, ნათელაშვილი მოღალატეებისგან იღებს ფულსო. ანალოგიური სარჩელი შალვა ნათელაშვილს „მაესტროს“ წინააღმდეგაც აქვს შეტანილი. ის იმავე მოსამართლეს აწერია, რომელიც წულუკიანის მიერ შეტანილ სარჩელს განიხილავს. საგულისხმოა, ისიც, რომ მან წულუკიანის სარჩელზე სხდომა დანიშნა, როცა ნათელაშვილის მიერ ბევრად ადრე შეტანილ სარჩელზე ამბობდა, რომ ბევრი საქმის გამო დაკავებული იყო“ - ამბობს ადვოკატი.
ცუცქირიძე ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ აქვთ, რადგან მათთვის ნაკლებად მოსალოდნელია, მოსამართლემ მინისტრის წინააღმდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა იუსტიციის მინისტრი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ედავება იმ განცხადების გამო, რომელიც მისთვის მიუღებელია. მან კარგად უნდა იცოდეს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეილახოს. პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება აქვს“ - ამბობს ადვოკატი.