„მივმართავ ალექსანდრე ჯეჯელავას, რომ თქვენნაირი ლოგიკის ადამიანის განათლების და მეცნიერების მინისტრად ყოფნა სახიფათოა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის“.- ასე მიმართა ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ გუშინ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას. მისი თქმით, სირცხვილია, როცა განათლების მინისტრი „ბირჟა მაფიის“ ვიდეოკლიპს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულს უწოდებს. მაისურაძემ მიმართვის დროს აღნიშნა, რომ ის პოლიტიკა, რაც დღეს ხორციელდება არის ძალადობა და ზეწოლა მოსახლეობაზე.
„ჩვენ ვაპროტესტებთ სახელმწიფოს სადიზმ პოლიტიკას. ის პოლიტიკა, რომელიც დღეს ხორციელდება, არის ძალადობა და ზეწოლა მოსახლეობაზე. არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია ასეთი ძალადობრივი აქტები, დაშანტაჟება საკუთარი მოსახელობის, დამცირება, შეურაცხყოფის მიყენება, გამოძალვა და ეკონომიკური გაჩანაგება იმ ადამიანების, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ.
სამარცხვინოა 21-ე საუკუნის ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიულ ღირებულებებზე, განვითარებულობაზე აქვს პრეტენზია, შუა საუკუნეების კანონმდებლობით ხელმძღვანელობს.
სირცხვილი არის, როდესაც სადისტური მოთხოვნილებების ადამიანები არიან ხელისუფლებაში, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფაშისტური ლოზუნგებით გამოდის.
სირცხვილია, როცა დღეს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ თურმე, ვიდეო-კლიპი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენელი, მივმართავ ალექსანდრე ჯეჯელავას, რომ თქვენნაირი ლოგიკის ადამიანის განათლების და მეცნიერების მინისტრად ყოფნა, არის სახიფათო ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.
სახიფათოა, როდესაც ვკარგავთ რწმენას სამართლის, სამართლიანობის. როდესაც სასამართლო შეიძლება იყოს მარიონეტი მაფიოზური გარიგებების, როდესაც სასამართლო ემორჩილება პოლიციის და პროკურატურის გადაწყვეტილებებს, როდესაც ხელისუფლებაში ცალკეული სფეროები არ ჩება გამოყოფილი და დამოუკიდებელი.
ჩვენ აღარ გვრჩება სამართლის იდეა, სამართლის რწმენა, ეს არის დიდი კატასტროფა. ყოველი ჩვენგანი იქნება პოტენციური კანდიდატი ჯიბეში რაღაცის ჩაგდების, ზეწოლის, ძალადობისა და გამოძალვის. ეს უნდა გავიგოთ, რომ აქ საქმე არ ეხება ნარკომომხმარებლებს, ნარკოტიკის მოყვარულს, ეს ეხება ყველა მოქალაქეს საქართველოში, ყველა მცხოვრებს ვინც აქ არის. ამიტომ ხმა უნდა ავიმაღლოთ კიდევ უფრო მეტად“,- ასე მიმართა აქციის მონაწილეებს გიორგი მაისურაძემ.