
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე შემოვიდა საერთაშორისო არასამთავრობო ორაგნიზაციების ერთობლივი წერილი, სადაც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმნიშვნელოვნად მიესალმებიან საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიერ საქმეზე გამოძიების დაწყებას.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოზიცია საჯაროდ არაერთხელ გამოხატეს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე, მთავრობის წევრებმა და აღნიშნეს, რომ პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფოს ინტერესია, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
ამასთან, მკაფიოდ აღინიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებები აქტიურ კომუნიკაციაში არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ღია თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები თავად ადასტურებენ, რომ საქართველოს დამკვიდრებული აქვს ადამიანის უფლებების სტანდარტების დამცველი ქვეყნის რეპუტაცია.
პრემიერ-მინისტრმა თავის საჯარო განაცხადებაშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ რთული გზა გაიარა ამ რეპუტაციის მოსაპოვებლად და საქართველოს ხელისუფლება არაფრის ფასად არ დათმობს ამ მონაპოვარს. მისი თქმით, გაკეთდება ყველაფერი, რათა ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს", - ნათქვამია განცხადებაში.