პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2017 წლის სამოქმედო გეგმა და საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარმოადგინა.
„ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს, დასწრებოდნენ სხდომას და ვთხოვეთ ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე ფოკუსირება. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს უფლება, ჩავერიოთ ან კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვები დავუსვათ, ტენდენციები არის ძალიან საინტერესო. საინტერესოა სტატისტიკა, როგორ მიდის მუშაობა და რას აკეთებენ ძალოვანი სტრუქტურები იმისათვის, რომ ოჯახში ძალადობის ან ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე გამოძიება ადეკვატური იყოს,“ - განაცხადა საბჭოს თავჯდომარემ და პარლამენტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
სხდომაზე საბჭოს წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი და სამოქმედო გეგმის ამოცანები გენდერული თანასწორობის საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, თინათინ ავალიანმა გააცნო. მისი თქმით, სამოქმედო გეგმის 26% უკვე შესრულებულია, დაგეგმილია აქტივობები და მათზე მუშაობა მიმდინარეობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ კვლევის შედეგებს, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება, მომავალი სამი წლის სამოქმედო გეგმა დაეფუძნება და გენდერული თანასწორობის ეროვნულ კონცეფციაზე მუშაობა დაიწყება.
მომხსენებლის განცხადებით, უკვე რატიფიცირებულია სტამბოლის კონვენცია, მიღებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. შექმნილია თემატური ჯგუფები და მუშაობა დამატებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებითაც გრძელდება.
საბჭოს სხდომაზე ფემიციდის შემთხვევებზე სამართლებრივი რეაგირების გამოწვევებზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე გენდერულად მოტივირებული მკვლელობების გამოძიების შესახებ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს.
მსჯელობა გაიმართა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა დგას. საბჭოს წევრთა და დამსწრე საზოგადოების შეკითხვები ქალთა ფემიციდის მზარდ სტატისტიკას და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების მომზადებისა და დაგეგმვის მეტ საჭიროებას ეხებოდა. საბჭოს წევრთა მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ შესაბამისი უწყებებისადმი ოჯახური დანაშაულების შესახებ მიმართვიანობა გაიზარდა, თავისთავად მათ მიერ წარმოებული კამპანიის შედეგია, თუმცა, არსებული მზარდი სტატისტიკა მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებებია გასატარებელი.
„განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები მსგავს ფაქტებს უნდა ამცირებდეს. ასეთი შემთხვევების ზრდა კი გამოძიების გარკვეულ ეტაპზე არსებული პრობლემების მიმანიშნებელია,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.