განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გარე დაკვირვების წესი დაამტკიცა. წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.
რაც შეეხება ვადებს, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა მანანა რატიანმა „ლიბერალს“ უთხრა, გარე დაკვირვებისთვის რეგისტრაცია, მომდევნო სასწავლო წლიდან, სექტემბერში გამოცხადდება, ზაფხულს კი ტექნიკურად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გამოიყენებენ. 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის გარე დაკვირვება საპილოტე რეჟიმში იწარმოებს.
გარე დაკვირვების წესი უფროსი მასწავლებლის მიერ გაკვეთილის წარმართვის შემოწმების მიზნით გარე დაკვირვებასთან დაკავშირებულ პროცესებს აწესრიგებს.
გარე დაკვირვების გავლის უფლება აქვს უფროს მასწავლებელს, რომელსაც სურს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება და რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
- წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტქულებიდან მოპოვებული აქვს არანაკლებ 13 კრედიტქულა;
- უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის.
როგორც დოკუნტშია აღნიშნული, გარე დაკვირვებისთვის რეგისტრაცია სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ ცხადდება. რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება, განაცხადში, რომელსაც მასწავლებელი ავსებს, მითითებული უნდა იყოს,- საგანი, რომელსაც ასწავლის და რომელშიც სურს გარე დაკვირვების გავლა; კლასი, რომელშიც გეგმავს გარე დაკვირვებისთვის საგაკვეთილო პროცესის წარმართვას; საგნის შესაბამისი საათობრივი დატვირთვა კვირის განმავლობაში.
გარე დამკვირვებელთა ჯგუფი ორი წევრისგან შედგება,- ერთ-ერთი წევრი იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის ფასილიტატორია, რომელი საგნის გაკვეთილზეც გარე დაკვირვება ჩატარდება.მას მასწავლებლის სახლი შეარჩევს სხვა სკოლიდან, რომელიც ახლომდებარე რეგიონში მდაბარეობს.
მეორე წევრი კი შესაფასებელი გაკვეთილის საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა იყოს და აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: უნდა ჰქონდეს შესაფასებელი გაკვეთილის საგნის მიმართულებით მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ სამწიანი გამოცდილება; უნდა ჰქონდეს პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება შესაბამისი საგნის მიმართულებით; უნდა ჰქონდეს წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსი და შესაფასებელი გაკვეთილის შესაბამისი საგნის სწავლების გამოცდილება; წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი გარე დაკვირვება.
გარე დაკვირვება 4 ეტაპისგან შედგება: წინასაგაკვეთილო შეხვედრა; გაკვეთილზე დაკვირვება; გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა; გაკვეთილის შეფასება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გარე დაკვირვება მასწავლებლის მიერ შეთავაზებული 5 გაკვეთილიდან ერთ-ერთ გაკვეთილზე ტარდება. გარე დამკვირვებელთა ჯგუფის თითოეული წევრი, გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით, დამოუკიდებლად აფასებს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32, გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს გარე დამკვირვებელთა ჯგუფის ორივე წევრის მიერ შეფასებული ქულების საშუალო არითმეტიკულის 75%-ს, არანაკლებ 24 ქულას. სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში კი გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ მასწავლებელი დააგროვებს არანაკლებ 21 ქულას. თუ მასწავლებელი უარყოფით შეფასებას მიიღებს, მას ხელახალი გარე დაკვირვების უფლება მომდევნო სასწავლო წელს მიეცემა.
იხილეთ დოკუმენტი: