Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრალდებული შიმშილობს - „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ თქმით, მას ნარკოტიკი ჩაუდეს

15 ივნისი, 2017 16:43

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებით, ჯემალ (ბაჩო) სირაძეს, რომელსაც შსს ბუპრენორფინის შეძენა-შენახვაში სდებს ბრალს, მას არ ჰქონდა და ჩაუდეს.

ბაჩო სირაძე 21 მაისს თბილისში, არსენას ქუჩაზე დააკავეს. როგორც მოძრაობის იურისტი, გიორგი მახარაძე აცხადებს, სირაძემ 2 დღის განმავლობაში არც კი იცოდა, რა დანაშაულში ედებოდა ბრალი.

„გავრცელებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ეს ის დროა, როდესაც ვიღაცებმა პოლიციაში მოიფიქრეს და გადაწყვიტეს, თუ რა ნივთიერებას ჩაუდებდნენ“, - ამბობს მახარაძე.

მისი თქმით, იზოლატორში ყოფნისას, გამომძიებლები ბაჩო სირაძისგან მოითხოვდნენ, ეღიარებინა, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა.

„გამომძიებელი მისგან ბრალდების შესახებ დადგენილებაზე ხელის მოწერას მოითხოვდა და ჩანაწერს, რომ ბრალდებას ეთანხმებოდა. მან ამის საპასუხოდ დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა. შემდეგ მას შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და გუშინ კვლავ განაახლა შიმშილობა, ობიექტური გამოძიების მოთხოვნით“, - ამბობს მახარაძე.

სირაძის ადვოკატის, მაია სირაძის განცხადებით, მასზე ზეწოლის მცდელობა დაკავებამდეც იყო. კერძოდ იყო მოთხოვნა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. ასევე, მოგვიანებით იყო მცდელობა, მისთვის იარაღის ჩადების.

 „30 მარტს ბაჩო სირაძე იმყოფებოდა გერმანიაში. იქიდან ჩამოფრენისას თბილისის აეროპორტში დახვდა იოსებ სიგუა. 4 საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ და სთხოვდნენ, რომ მაშინვე დაეტოვებინა ქვეყანა. ბაჩომ განუმარტა, რომ მაშინვე ვერ დატოვებდა ქვეყანას, რადგან ცოლს ირთავდა და 30 მაისს გაემგზავრებოდა. პილიციელების ბოლო ვადა 3 აპრილი იყო. 3 აპრილს თუ არ დატოვებ ქვეყანას, დაგაკავებთო, ეუბნებოდნენ. 12 მაისს იყო მცდელობა, რომ მისთვის ჩაედოთ იარაღი. ოჯახშიც შევიდნენ ჩხრეკაზე, ასევე სირაძის კუთვნილ კაფეშიც. საბედნიეროდ კაფეში მარტო არ იმყოფებოდა და მამა ჰყავდა გვერდით. იარაღის ჩადება სცადეს, მაგრამ ბევრი ხალხი ჩაერია, ატყდა კივილ-წივილი და ვეღარ გაბედეს. პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობდა სახლშიც. ბაბუამისმა არ მისცა პოლიციელებს იმის უფლება, რომ იარაღით შესულიყვნენ. შევიდნენ სუფთა ხელებით და ისეთი დონის ჩხრეკა ჩაატარეს, რომ საცვლებში, სარეცხის მანქანაში და შაქარშიც კი ეძებნენ რაღაცას. როგორც ამბობდნენ, ჰქონდათ უტყუარი ინფორმაცია, რომ სირაძეს სახლში იარაღი ჰქონდა“, - ამბობს ადვოკატი სირაძე.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ მოითხოვდნენ პოლიციელები სირაძისგან ქვეყნის დატოვებას და რაში გამოიხატებოდა მათი ინტერესი, ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობენ, არსებობს სხვადასხვა ვერსია და ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციის გახმაურებისგან თავს შეიკავებენ.

გიორგი მახარაძე გამოძიების ხარვეზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც ჩხრეკისა და დაკავების ოქმი განხორციელებულ ქმედებებთან შეუსაბამოა და ოქმი დაკავების ადგილზე საერთოდ არ შეუდგენიათ.

ადვოკატები მოითხოვენ, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და შემდეგ უკვე დოკუმენტების ფალსიფიცირების ფაქტზე.

„არც ერთი საგამოძიებო მოქმედებით, არც ერთი კანონის მიხედვით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით არ დასტურდება მისი შემხებლობა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან“, - აცხადებს მახარაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მახარაძის თქმით, ამ საქმეშიც სწორედ ის პოლიციის განყოფილება და მისი უფროსი ფიგურირებენ, რომლებიც მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებაში მონაწილეობდნენ.

მაია სირაძე კიდევ ერთ გარემოებას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ სირაძეს ბრალი დაკავებიდან ანუ 21 მაისიდან მხოლოდ მე-3 დღეს, 23 მაისს წარედგინა. წინასწარი პატიმრობა კი 24 მაისს შეეფარდა.

ბაჩო სირაძეს ბრალი სსკ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედება, რაც 8-დან 20  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ის სასჯელაღსრულების დაწესებულაში უკვე მეორე დღეა შიმშილობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^