„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და და ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებებს, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან, ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის კომიტეტმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ამ მიმართულებით, სამოქალქო სექტორსა და სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად.
„ჩვენ ვეთანხმებით 4-სვეტიან რეფორმას, ასევე გვახსოვს და ვითვალისწინებთ გაეროს რეკომენდაციებს, რომელიც ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოს მიაწოდეს მათ“.
რაც შეეხება მარუხუანასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ადასტურებს უმრავლესობის მზაობას, გონივრულად დარეგულირდეს ეს საკითხი, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მარიხუანასთან მიმართებით სამართლებრივი ვაკუუმია შექმნილი, რაც რეალურ ცხოვრებაში პრობლემებს უქმნის თანამოქალაქეებს, ასევე სასამართლო და სამართალდამცავ სისტემას.
რაც შეეხება ჯარიმებს, მან აღნიშნა, რომ პირადად ის ჯარიმის გაზრდას არ ეთანხმება.
„ჯარიმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს გაზრდილი, თუ ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. დანარჩენ შემთხვევაში დავტოვოთ ის ნიშნული, რომელიც შემოთავაზებულია“, - აღნიშნა თალაკვაძე.