
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ცნობით, საქართველო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად ითვალისწინებს და 37 მუხლს კონსტიტუციაში ახლებური ფორმულირებით წარადგენს.
უფრო კონკრეტულად კი, ევროპელი ექსპერტების მთავარი რეკომენდაცია გადაუნაწილებელ მანდატებს შეეხებოდა. ვენეციის კომისია საქართველოს ე.წ ბონუს სისტემის ზედა ზღვარის დაწესებას ურჩევდა.
როგორც ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული, ქართულმა მხარემ სამდონიანი ზღვარი განსაზღვრა,- ზედა, რომლის დროსაც, პარტია გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე 89 მანდატზე მეტს ვეღარ მიიღებს; ქვედა - როდესაც ბონუსის გათვალისწინებით პირველ ადგილზე გასული პარტია 75 ან ნაკლებ მანდატს მიიღებს, მაშინ ბონუსი აზრს კარგავს და გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად ბარიერგადალახულ ყველა პარტიაზე გადანაწილდება.
„ასევე, იარსებებს ფარდობითი ზღვარი, რომლის მიხედვით, გამარჯვებული პარტიის მიერ მიღებული გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ს (მაგალითად, თუ პარტია მიიღებს ხმების 40%-ს, ის ბონუსის ხარჯზე ვერ მიიღებს მანდატების 54%-ზე მეტს). ამ მოდელის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული პარტია, ბონუსით, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 38-დან 44%-მდე მიიღებს“,- ნათქვამია განცხადებაში.