ქალთა მოძრაობა სექსმუშაკის ცემის ფაქტს ეხმაურება. მოძრაობა მოუწოდებს პროკურატურას დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს პოლიციის სავარუდო ძალადობა.
„მიმდინარე წლის 11 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია 21 წლის სექსმუშაკი ქალის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებული აღნიშნავს, რომ მასზე ფიზიკური ძალადობა დისკრიმინაციული მოტივით, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, განხორციელდა, რის გამოც მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მისივე ინფორმაციით, ადგილზე მისული პოლიციის ქმედებით უკმაყოფილო დარჩა, რის გამოც ხელმეორედ დარეკა ცხელ ხაზზე და კვლავ გამოიძახა პატრული. ადგილზე გამოცხადდა იგივე საპატრულო ეკიპაჟი, რომელთანაც მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რასაც, დაზარალებულის მტკიცებით, საპატრულო პოლიციამ უპასუხა სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობით.
ქალთა მოძრაობა მოუწოდებს პროკურატურას, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს პოლიციის მიერ განხორციელებული სავარაუდო ძალადობა. აღსანიშნავია, რომ სექსმუშაკები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და მარგინალიზებული ჯგუფია, რომელიც გარიყულია საზოგადოების მხრიდან. ამასთან, ხშირია მათ მიმართ ძალადობა, როგორც გარეშე პირების, ისე სამართალდამცავთა მხრიდან. ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიცია დისკრიმინაციულად ეპყრობა და არ იცავს მათ უფლებებს. გამომდინარე იქიდან, რომ მაღალია რისკი, პოლიციელებმა დაფარონ სავარაუდო დანაშაულის კვალი, მნიშვნელოვანია პროკურატურის როლი მომხდარი შემთხვევის გამოძიებაში. მოვითხოვთ, საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, " - ამბობენ ქალთა მოძრაობის წევრები.
21 წლის სექსმუშაკი ძველი თბილისის სამმართველოს უფროსს ცემაში ადანაშაულებს
შსს: ადგილზე პოლიციის გამოცხადებისას ი.ლ.-ს სხვადასხვა სახის დაზიანება უკვე აღენიშნებოდა