პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.
„ჩვენ აუცილებლად გვექნება პატრიარქთან შეხვედრა. ამ შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი განცხადებების გაკეთება. რაც უწმინდესმა ბრძანა, არის ჭეშმარიტება - საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი სპეციფიკა, ადგილობრივი სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კომენტარების გაკეთება“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
კონსტიტუციური მონარქიის შესახებ პატრიარქმა 13 ივნისს, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. მისი თქმით, კონსტიტუციიურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შეამოაქვს.
„საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, თუ ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქიული ქვეყანა. მას მეფე მართავდა და დღესაც ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და მას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყნაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება“, - განაცხადა ილია მეორემ