იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე პლებისციტი გაიმართოს.
„ალბათ, შესაძლებელია პლებისციტის გამართვაც. მოსახლეობის გამოკითხვის არც ერთი ფორმა არ უნდა გამოვრიცხოთ. თუ ვსაუბრობთ მომავალში რაიმე ცვლილებაზე კონსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ყოველთვის ხალხი იღებს, თუმცა ჯერ საუბარია, რომ ამისთვის შესაძლოა, ღია დისკუსია დაიწყოს საზოგადოებამ. კარგად უნდა გაცნობიერდეს ეს იდეა, თუ რას ნიშნავს და რა იგულისხმება. ეს იდეა ნამდვილად ღირს, რომ საზოგადოებაში იყოს მსჯელობა", - განუცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.
ეკა ბესელიამ პატრიარქთან დღევანდელი შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრისას საუბარი საკონსტიტუციო მონარქიის იდეასაც შეეხო.
„დილით პარლამენტის თავმჯდომარე და მე ვიმყოფებოდით საპატრიარქოში და შევხვდით პატრიარქს. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის განხილვაც ამ კვირაში იწყება. ასევე გვქონდა საუბარი იმ იდეაზე, რომელიც მისმა უწმინდესობამ წირვის დროს გაახმოვანა და ეხება კონსტიტუციური მონარქიის თემას. ეს არის ძალიან საყურადღებო იდეა, თუმცა ამ იდეის ასახვა არ უკავშირდება საკონსტიტუციო პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია. ეს არის მომავლის იდეა. ამ საკითხზე დისკუსია, მსჯელობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა უნდა მოხდეს და საბოლოოდ ეს ისეთი საკითხია, რომელსაც მოსახლეობის და ფართო საზოგადოების კონსენსუსი სჭირდება. მისი უწმინდესობაც იზიარებს ამ პოზიციას. ეს არის ცალკე, დამოუკიდებელი პროცესი. ჩვენ ეს მოსაზრებები გავცვალეთ", - განაცხადა ბესელიამ.