მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აირჩიეს. მოსამართლეებმა მხარი გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას დაუჭირეს. როგორც მან კენჭისყრამდე კონფერენციის მონაწილეებს მიმართა, მისთვის პრიორიტეტული სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება, მოსამართლეებისთვის მყარი სოციალური გარანტიების დაწესება და საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება იქნება. მისი თქმით, ის მზადაა დიალოგისთვის, რათა საზოგადოებასთან ერთად იზრუნოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე.
გიორგი მიქაუტაძე 2016 წლის 5 მარტიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.
მოსართლეთა კონფერენციამ დღეს საბჭოს 4 მოსამართლე წევრიც აირჩია: ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია.