National Geographic Traveler-ის რუსულენოვანმა გამოცემამ საქართველოს შესახებ მომზადებულ მასალაში რუკა აფხაზეთის გარეშე დაბეჭდა. საქართველოს შესახებ ვრცელი მასალა აპრილი-მაისის ნომერში გამოქვეყნდა. ამ ფაქტს National Geographic-ის საქართველოს ოფისი ეხმაურება.
National Geographic-ის საქართველოს ოფისში ამბობენ, რომ საქართველოსთან რუსეთის რედაქციას კომუნიკაცია არ ჰქონია, მათთვის უცნობი იყო, რუსი ჟურნალისტები რომ საქართველოში იმყოფებოდნენ და ამზადებდნენ პუბლიკაციას.
„მომხდარის შესახებ ვაცნობეთ ჩვენს სათავო ოფისს ვაშინგტონში, ვთხოვეთ, გამოეკვლია საკითხი და რეაგირება მოეხდინა აღნიშნულ ფაქტზე. უცვლელად გთავაზობთ National Geographic Society-ს ოფიციალურ განცხადებას რუსეთის National Geographic Traveler-ის მიერ საქართველოს რუკიდან აფხაზეთის ამოღების შესახებ:
National Geographic-ის კარტოგრაფიული სახელმძღვანელო გვკარნახობს, რომ ჩვენს რუკებს ემატება შენიშვნები, სადავო ტერიტორიების შესახებ მიმდინარე პოლიტიკური ვითარების ასახსნელად. ჟურნალ National Geographic Traveler-ის რუსულ გამოცემაში, საქართველოს რუკიდან აფხაზეთის გამოტოვების ინციდენტის განხილვისას დავადგინეთ, რომ რუსულმა ოფისმა, National Geographic-ის მონაცემების ნაცვლად, იხელმძღვანელა რუსეთის მიერ ოფიციალურად აღიარებული საზღვრებით, და რომ გამოქვეყნებულ რუკას უნდა ჰქონოდა დართული განმარტება, ამ პოლიტიკური განსხვავებების აღიარებით და მკაფიო აღწერით," - ამბობენ National Geographic-ის საქართველოს ოფისში.