
„არ შეიძლება კერძო საკუთრებას ასე ხელაღებით მისვლა და რაღაც ხელის შეშლა მუშაობაში, თუმცა ყველა პროექტი გადასახედია, რა თქმა უნდა" - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა „ლიბერალის" შეკითხვის საპასუხოდ, თუ რა გეგმები ექნება მას „პანორამა თბილისის" პროექტთან დაკავშირებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
„არ ვიცი, მინდა, ზოგადად განვაცხადო, რომ ყველა პროექტი, რომელიც აშენებულია, იმას, რა თქმა უნდა, ამ შენებლობის პროცესში არ შეიძლება კერძო საკუთრებას ასე ხელაღებით მისვლა და რაღაც ხელის შეშლა მუშაობაში, თუმცა ყველა პროექტი გადასახედია, რა თქმა უნდა. მე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ თბილისის ურბანულ განვითარებას და ზოგადად მშენებლობას. დღეს, რაც ჩვენ გვაქვს დედაქალაქში, ეს არის სრულიად მიუღებელი. ქალაქი აღარ დაგვრჩა, ბეტონის ჯუნგლები გვაქვს ქალაქის მაგივრად. ეს იქნება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში" - თქვა უდუმაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. პარტიამ თბილისის მერის თანამდებობაზე ზაალ უდუმაშვილი დაასახელა. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად კი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე - ნიკა მელია.