„ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. პარტიამ თბილისის მერის თანამდებობაზე ზაალ უდუმაშვილი დაასახელა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე - ნიკა მელია.
„დღეს მეც, როგორც თქვენ ვართ გაბრაზებულები. ამიტომ ჩემი წარმდგენი პირველ რიგში თქვენ, გაბრაზებული თბილისელები ხართ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი“,- ასე მიმართა ზაალ უდუმაშვილმა პრეზენტაციაზე შეკრებილ ხალხს მიმართა.
„მე შევძლებ, დავამარცხო კორუფცია და ნეპოტიზმი ქალაქის მმართველობაში. არც ერთი მექრთამე და ნათესავი არ გადაწყვეტს ჩვენს ბედს. აღარ მოხდება ჩინოვნიკების გამდიდრება თბილისელების ხარჯზე. კორუმპირებული მოსამართლეები და პროკურორები აღარ დაჯილდოვდებიან ქალაქის ღირსებით. არ დავუშვებ პარტიული ნიშნით ადამიანების დანიშვნას და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას. ყველა დანიშვნა და დაწინაურება იქნება კომპეტენციის ნიშნით.
შევძლებ მახინჯი შენობების შემოტევა მოვიგერიო და დავიცვა ისტორიული ქალაქი. მე დავამარცხებ ურბანულ ბრაკონიერობას, მე შევძლებ, საცობების ქალაქი მარტივი გადაადგილებისა და სწრაფი კომუნიკაციის ქალაქად ვაქციო და ამისთვის უნდა ავაშენოთ ახალი, ხარისხიანი გზები და ესტაკადები. უნდა აღვადგინოთ შემოვლითი რკინიგზისა და სხვა შეჩერებული პროექტები.
შევძლებ, უსულო მანქანების ქალაქი ადამიანებს დავუბრუნო, მეტი საფეხმავლო ზონა, ახალი პარკები და სარეკრეაციო ზონები, მეტი სიმწვანე დედაქალაქს. მე შევძლებ, დედაქალაქი აღარ იყოფოდეს მეორეხარისხოვან და პრივილეგირებულ უბნებად. თანაბარი განვითარება ყველას, საჭიროების მიხედვით. მე შევძლებ, დედაქალაქის ახლად შემოერთებული სოფლებისა და დასახლებების მოსახლეობამ თავი დედაქალაქის სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ. ინფრასტრუქტურული განვითარება უპირველესად ამ ტერიტორიებზე დაიწყება.
მე შევძლებ, ჩვენი ქალაქი არ იყოს უძლური ყოველი სტიქიური მოვლენის წინაშე. სტიქია შესაძლოა, განმეორდეს, მაგრამ არ დავუშვებ არაეფექტიან რეაგირებას, როგორც ეს 13 ივნისს მოხდა და რასაც ათობით თბილისელის სოცოცხლე და საკუთრება შეეწირა“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
უდუმაშვილის თქმით, მან არჩია „ნაციონალური მოძრაობა", როგორც შენების გამოცდილების მქონე ოპოზიციური ძალა.
„მე ვირჩევ „ნაციონალურ მოძრაობას", როგორც შენების გამოცდილების მქონე პარტიას. ამ გუნდმა შეცდომებიც დაუშვა, მათ შორის დედაქალაქში, ბევრ გამოწვევას ვერ უპასუხა, მაგრამ მინდა, ამ გუნდის პოზიტიური გამოცდილება გავიზიარო, ხოლო დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეორო. აღარ გავიმოეროთ ერთად. ვირჩევ ქვეყნის ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას, რადგან მოვდივარ გამარჯვებისთვის და არა მონაწილეობის მისაღებად. ვირჩევ გამოცდილებას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას“,- თქვა უდუმაშვილმა.