რუსული ფონდებისა და ტრამპის მხარდამჭერების კავშირზე სტატიის ვებგვერდიდან მოხსნის გამო, სამმა ჟურნალისტმა CNN დატოვა.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ჟურნალისტებმა რედაქცია 26 ივლისს გამოქვეყნებული იმ სკანდალური სტატიის გვერდიდან მოხსნის გამო დატოვეს, რომელიც მთავარი რუსული საფინანსო ფონდის ხელმძღვანელის, კირილ დიმიტრიევისა და ფინანსისტ ენტონი სკარამუჩის დავოსში სავარაუდო შეხვედრას ეხებოდა.
სტატიაში ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის კონგრესი პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერის, ენტონი სკარამუჩის საქმეს იძიებდა – თითქოს ფინანსისტმა დავოსში კირილ დიმიტრიევთან რუსეთზე დაკისრებული სანქციების საკითხი განიხილა.
CNN-ის წარმომადგენლის განცხადებით, როგორც წესი, მსგავს სტატიებს გამოქვეყნებამდე რამდენიმე დეპარტამენტი ამოწმებს, მათ შორის ფაქტ-ჩეკერები, ჟურნალისტიკის სტანდარტის ექსპერტები და ადვოკატები.
როგორც გამოძიების შედეგად ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს აცნობა, ამ შემთხვევაში სტატია დაუზუსტებელ ფაქტებს არ ეფუძნებოდა, თუმცა მაინც სრულყოფილად არ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომლებსაც CNN-ის რედაქცია თავის თავს უყენებს.
საბოლოოდ, სტატია CNN-ის ვებგვერდიდან მოიხსნა, მის ნაცვლად კი რედაქტორის სვეტი გამოქვეყნდა.
„სტატია არ აკმაყოფილებდა CNN-ის სტანდარტებს, შეცდომას ყველა უშვებს, CNN სწორად მოიქცა, განვაგრძობთ მუშაობას“, - ნათქვამია სვეტში.
საბოლოოდ, სტატიაზე მომუშავე ჯგუფმა, რედაქტორიანად, CNN-ის რედაქცია დატოვა.