გურიაში პირს, რომელიც ტრაქტორს მართავდა ყანის მიმდებარე ტერიტორიაზე და ნარკოდანაშაულის გამო 5 წლით მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდა, შსს-მ ახალი ბრალი წაუყენა. მას ახლა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ედება ბრალად.
„მოქალაქე ნასამართლევი იყო სსკ 260-ე მუხლით, რისთვისაც ასევე 5 წლით ჰქონდა შეჩერებული მართვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მას მართვის უფლება შეუჩერა, მაინც დაჯდა ტრაქტორის საჭესთან და მაინც მართავდა ტრანსპორტს. ამის გამო, მას შსს-მ ბრალი წაუყენა სსკ 381-ე მუხლით, რაც განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ითვალისწინებს“, - უთხრეს „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლი შემდეგ სანქციებს მოიცავს: „ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე“.
შსს-ში აცხადებენ, რომ ამჟამად სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
EMC: ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულთათვის უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს
აღნიშნულ ფაქტს „თეთრი ხმაურის მოძრაობა" გამოეხმაურა.
„[ეს შემთხვევა] მოქმედი კანონმდებლობის სამარცხვინო პრაქტიკის გამოხატულებაა, რომელიც უნდა გაუქმდეს", - აცხადებენ მოძრაობაში.
მათი თქმით, ნარკოდანაშაულისთვის დამატებითი, მათ შორის მართვის უფლებების წლობით ავტომატურად ხელყოფით ადამიანებს აღარ ეძლევათ დასაქმებისა და სოციალიზაციის შესაძლებლობა.
„მოვუწოდებთ გამოძიებასა და სასამართლოს მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება და შეწყვიტონ აღნიშნული პირის მიმართ დევნა. ახალი კანონპროექტით მსგავსი მიდგომები წარსულს ჩაბარდება.
ამგვარი შემთხვევები უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, სახელმწიფო კი დევნის ნაცვლად ხელს უწყობდეს მოქალაქეებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას", - აცხადებს „თეთრი ხმაურის მოძრაობა".