აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, 4 ივლისს ფიზულის რაიონში სომხეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ იუწყებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დედამ სერიოზული დაზიანებები მიიღო.
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მსხვერპლი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სოფელ ახანლიში სომხური მხარის თავდასხმამ გამოიწვია.
Commonspace.eu-ს ინფორმაციით, სომხეთი ტერიტორიის დაბომბვას ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს პასუხი იყო იმავე საღამოს აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაზე.
სომხეთი უარყოფს ბრალდებას, თითქოს თავდასხმას ქალი და ბავშვი ემსხვერპლა. მათი თქმით, სამოქალაქო პირებს ცეცხლს არ უხსნიან.
აზერბაიჯანული მხარე სომხეთს სამოქალაქო პირების მიზანში განზრახ ამოღებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, სომხეთმა ჟენევის კონვენცია და საერთაშორისო კანონმდებლობის სხვა ინსტრუმენტები დაარღვია.
თავის მხრივ სომხეთი აცხადებს, რომ დაბომბვა აზერბაიჯანული მხრიდან მომდინარე თავდასხმების შესაჩერებლად განახორციელა. ერევანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ადამიანებს ცოცხალ ფარად იყენებს.
ეუთოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე მხარეებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ძალადობა შობს ძალადობას, რომლითაც რამის მიღწევა შეუძლებელია. ამ ხანგრძლივი კონფლიქტის გონივრულად და ჰუმანურად გადაჭრის ერთადერთი გზა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაა" - აცხადებენ ეუთოში.