„ვიმედოვნებდით, რომ 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედებით, მივაღწევდით კონსენსუსს პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. თუმცა, მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის განმავლობაში, გამოიკვეთა, რომ ოპოზიცია არ გეგმავდა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას პროპორციული სისტემის 2020 წელს ამოქმედების შემთხვევაშიც კი.
როგორც კობახიძე ამბობს, საპარლამენტო უმცირესობას, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დამატებითი ჰქონდა ულტიმატუმი.
„ერთ-ერთი უკავშირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს. საპარლამენტო უმცირესობა ამბობდა, რომ თუ მოხდებოდა გადასვლა არაპირდაპირი არჩევის წესზე, მაშინ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ. ეს ერთგვარი ულტიმატუმი იყო. მეორე საკითხი უკავშირდებოდა გადასახადებს. კონსტიტუციაში ჩვენ გვაქვს სპეციალური დებულება რეფერენდუმის შესახებ, რომელიც საჭირო ხდება გადასახადების დაწესების ან გაზრდის შემთხვევაში. მესამე კი მიწის საკითხს უკავშირდებოდა. ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს დებულება, რომლის თანახმადაც იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის ნაკვეთის მიყიდვა. ეს იყო სწორედ ის 3 ულტიმატუმი და საპარლამენტო უმცირესობამ განაცხადა, რომ ისინი არ დაუჭერდნენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით 2020 წლიდანაც კი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის სპიკერის თქმით, მმართველ გუნდს გამოსავალი უნდა მოეძებნა, რადგან შეუძლებელი იყო უმრავლესობაში 113 ხმის მოპოვება 2020 წელს პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასასვლელად.