
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის“ საქმეზე საჩივარი წარადგინა
საია საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ზეპირ მოსმენას მოითხოვს.
საიას იურისტის, სულხან სალაძის თქმით, საქალაქო სასამართლომ საიას სასარჩელო განცხადება „პანორამა თბილისის“ პროექტებზე, „სოლოლაკის მაღლობისა“ და „სოლოლაკის ბაღების“ სამშენებლო ნებართვების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში ვადების დარღვევით წარდგენილად მიიჩნია. საია აცხადებს, რომ ვადები დაცული იყო, რადგან გასაჩივრების საშუალება მიეცათ მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ საიას მიაწოდა რუკა, რომელზეც, მათი თქმით, აღნიშნულია, რომ სამშენებლო ნებართვა გაიცა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში კანონის დარღვევით.
სულხან სალაძის თქმით, საია მოითხოვს, სააპელაციო სასამართლომ განიხილოს მათი კერძო საჩივარი და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ხანდაზმულად ჩაითვალა საიას მიერ სარჩელის წარდგენა საქალაქო სასამართლოში.
„მიმდინარე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩვენი სასარჩელო განცხადება იმ ნაწილში, რომლითაც ორი სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობას მოვითხოვდით (ეს არის „პანორმა თბილისის“ პროექტები, „სოლოლაკის მაღლობისა“ და „სოლოლაკის ბაღები“), მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს იყო ვადების დარღვევით წარდგენილი სარჩელი სასამართლოში თავის დროზე, ჩვენ მიგვაჩნია რომ ვადები იყო დაცული, ვინაიდან გასაჩივრების უფლება მოგვეცა მას შემდეგ, როდესაც მივიღეთ ის დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდა, რომ ეს ორი სანებართვო მოწმობა და თანხმობა გაცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით“, - განაცხადა სალაძემ.
მისივე თქმით, საიამ მანამდე არ იცოდა ამ დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, რადგან იმ დოკუმენტებში, რომლებიც მათ მიიღეს, არ იყო რუკა, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ ამ პროექტებზე ნებართვა გაიცა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში.
„შესაბამისად, როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს დოკუმენტი, მის საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების სრული დაცვის მოვითხოვეთ უკვე ორივე სანებართვო თანხმობის ბათილად ცნობა და გაუქმება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩვენ სარჩელით სასამართლოსთვის უნდა მიგვემართა ჯერ კიდევ მაშინ, როცა სანებართვო თანხმობები მივიღეთ შესაბამისი უწყებისგან. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენთვის ამ დოკუმენტების უკანონობა დადასტურდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ მოგვაწოდა შესაბამისი რუკა. სწორედ ამ ნაწილში მოვითხოვთ, სააპელაციო სასამართლომ განიხილოს ჩვენი კერძო საჩივარი და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ხანდაზმულად ჩაითვალა ჩვენს მიერ სარჩელის წარდგენა საქალაქო სასამართლოში“,- განაცხადა „ლიბერალთან“ სულხან სალაძემ.