
საქართველოს პრეზიდენტი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის იმ წევრებს, რომლებიც ჩხოროწყუში სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, ღირსების ორდენით დააჯილდოებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის ის წევრები, რომლებმაც სიცოცხლის გადარჩენის ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ ჩხოროწყუში, ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად. მათ აჩვენეს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია, აჩვენეს სამოქალაქო გმირობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამსახურებრივი პასუხისმგებლობა და გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე. ეკიპაჟის თითოეული წევრი არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე და თითოეული მოქალაქისთვის მისაბაძი ადამიანი. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეკიპაჟის ყველა წევრს მიენიჭება ღირსების ორდენი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.