საქართველოს პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, დღეს ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფცია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს წარუდგინა.
შეხვედრაზე დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა სუიციდისა და განქორწინებების რაოდენობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები არ აწარმოებენ სტატისტიკას განქორწინებისა და სუიციდის მიზეზების შესახებ.
„შსს არ აწარმოებს იმის სტატისტიკას, თუ რის გამო ხდება სუიციდი; სასამართლოებს არ აქვთ ინფორმაცია, რის გამო ხდება განქორწინება, რადგან ფორმაში, სადაც ხდება ინფორმაციის შევსება, არ მიეთითება მიზეზი“, - განაცხადა მან.
შეხვედრაზე გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ მათ „სხვა წყაროებიდან შეძლეს ამ ინფორმაციის გადამოწმება“.
„ყველაზე აქტუალური არის რელიგიური კონფესიები, სადაც ადამიანები მიდიან და თავის სულიერ მოძღვრებს განუმარტავენ მიზეზებს... და მინდა გითხრათ, რომ იქ ვიპოვეთ ის დაახლოებითი პროცენტი, იმ სტატისტიკაში რამდენი არის თამაშიდან გამომდინარე სუციდი. მინდა, გითხრათ, რომ ნამდვილად არ არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც ადამიანებს დაამშვიდებდა. დიდია სუიციდის შემთხვევაში ციფრი ზუსტად აი იმ მიდრეკილებიდან გამომდინარე, რასაც ლუდომანია და აზარტული თამაშების მიმართ მიდრეკილება ჰქვია“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.