საია-ს მიერ წარმოებული კვლევის თანახმად, თბილისის საკრებულოს მუდმივმოქმედმა კომისიამ გორგასლის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთი, რომელიც საჯარო სივრცეს, სკვერს წარმოადგენს, 2008 წელს შპს „ნარიყალას“ საკუთრებაში უკანონოდ გადასცა.
საია-ში აცხადებენ, რომ 2016 წლის ივნისში, თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ცნობილი გახდა შპს „ნარიყალასთვის“ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების შესაძლო უკანონობა, თუმცა მუნიციპალიტეტმა არ მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ თავიდან შეისწავლოს შპს „ნარიყალასთვის“ ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების კანონიერების საკითხი.
2008 წლის ივლისში შპს „ნარიყალამ“ განცხადებით მიმართა თბილისში - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე უფლების აღიარების წესისა და საკუთრების კომისიას. იგი აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას მოითხოვდა.
თბილისის მერიის 2006-2006 წლებით დათარიღებული დადგენილებების თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი სინამდვილეში სკვერს წარმოადგენდა და მისი საკუთრებად აღიარება კანონით იყო აკრძალული. თბილისის მთავრობის 2004 წლის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აბანოს ქუჩაზე არსებულ სკვერს ჰეიდარ ალიევის სახელი მიენიჭა. ხოლო, 2006 წლით დათარიღებულ დადგენილებაში წერია, რომ ქ. თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქ. #5-ში არსებულ სკვერში ჰეიდარ ალიევის ბიუსტი უნდა დადგმულიყო.
მიუხედავად ამისა, კომისიამ გადაწყვიტა, გარკვეული საბუთების წარდგენის შემთხვევაში შპს „ნარიყალასთვის" მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ეღიარებინა. სხვა დოკუმენტებთან ერთად კომისია საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას მოითხოვდა, რაც ამ შპს „ნარიყალას", სავარაუდოდ, არ წარუდგენია.
„იმის გათვალისწინებით, რომ საფინანსო დოკუმენტაცია არც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (შესაბამისად, კომისიაში) და არც მერიაში არ ინახება, შეიძლება აღინიშნოს, რომ „შპს „ნარიყალას“ კომისიის ორი მოთხოვნიდან მინიმუმ ერთი - საფასურის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარდგენა არ შეუსრულებია. ამდენად, სავარაუდოა, რომ „ნარიყალასთვის“ მიწის საკუთრებაში გადაცემის და დარეგისტრირების წინაპირობა არ არსებობდა, რადგანაც შესაბამისი ოდენობით და შესაბამის ვადაში საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადაუხდელობა კომისიის მხრიდან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის წინაპირობას წარმოადგენდა”, - ნათქვამია კვლევაში.
საია-ში აცხადებენ, რომ თბილისის თვითმმართველობას სრული საფუძველი აქვს, ბათილად ცნოს ის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს შპს „ნარიყალასთვის“ გორგასლის ქ. #3-ში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას უკავშირდება.
„ამ ფონზე საყურადღებოა „ნაზღაიძის საქმე“. კერძოდ, თბილისის თვითმმართველობამ ზვიად ნაზღაიძეს 28-ჯერ უფრო ძვირად იმ მიზეზით ჩამოართვა ქონება, თითქოს ის 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს იყო დაზარალებული. სინამდვილეში, 2016 წელს ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების 28-ჯერ ძვირად ჩამორთმევის საფუძველი არ არსებობდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, სახეზეა შპს „ნარიყალას“ შემთხვევა, როდესაც თბილისის თვითმმართველობა არ სარგებლობს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და არ იბრუნებს იმ უძრავ ქონებას, რომლის საკუთრებაში აღიარებაც უკანონოდ მოხდა” - აცხადებენ საია-ში.