სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სამხატვრო აკადემიის რექტორს და მოითხოვა აკადემიაში გამართული კონკურსის ბათილად ცნობა, ლუიზა ლაფერაძის ნაწილში და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მის მიმართ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
„ლუიზა ლაფერაძე მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. კომისიის გადაწყვეტილებით, ფერწერის მიმართულებით სხვა შვიდ კანდიდატთან ერთად ლუიზა ლაფერაძის მიერ წარმოდგენილი განაცხადი სრულად შეესაბამებოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. თუმცა, ლუიზა ლაფერაძეს პოზიციის დაკავებაზე უარი ეთქვა მის არაკოლეგიალურ ქცევაზე ზოგადი მითითებით, რაც არასახარბიელოდ აისახებოდა საგანმანათლებლო პროცესზე. კომისიამ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ ფაქტზე, რომ განმცხადებელს წარსულში უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართული ჰქონდა სასამართლოსათვის და ასაჩივრებდა გავლილი კონკურსის შედეგებს. უნდა აღინიშნოს, რომ ლუიზა ლაფერაძის გარდა, ყველა იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელთა მიერ წარმოდგენილი განაცხადი სრულად შეესაბამებოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სხვადასხვა სახის დადებითი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სამხატვრო აკადემიამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათანადოდ არ გამოიკვლია და დაასაბუთა ლუიზა ლაფერაძის მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილება. კერძოდ, გაურკვეველია, რა იგულისხმება ლაფერაძის არაკოლეგიალურ ქცევაში, რაც არასახარბიელოდ აისახებოდა საგანმანათლებლო პროცესზე. ასევე, უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს ოქმში მოყვანილი მითითება განმცხადებლის მიერ აკადემიის მიმართ წარსულში ნაწარმოებ დავაზე, რადგანაც იქმნება განცდა, რომ აღნიშნულ ფაქტსაც ჰქონდა მნიშვნელობა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დაუშვებელია, პირების მიერ ადმინისტრაციული ორგანოების წინააღმდეგ დავების წარმოების ფაქტს ამ პირების მიმართ რაიმე უარყოფითი შედეგი მოჰყვეს.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, არსებითად შეილახა ლუიზა ლაფერაძის კანონიერი უფლება და ინტერესი, დასაქმებულიყო სამხატვრო აკადემიის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. ამდენად, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ არსებობს ლუიზა ლაფერაძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი.