Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რელიგიის როლი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

11 ივლისი, 2017 16:58

რა როლს ასრულებს რელიგია ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში - ამ საკითხზე იმსჯელეს დღეს კონფერენციაზე, რომელიც  გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, კავშირი „21-ე საუკუნის“ და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით გაიმართა.

შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუსლიმი სასულიერო პირები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი იყო დაინტერესებულ მხარეებს ესაუბრათ ადრეული ქორწინების პრაქტიკისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ.

კონფერენციას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი რელიგიათაშორისი ურთიერთობების საბჭოში თეა გოგოტიშვილი უძღვებოდა. მისი შეფასებით, ადრეული ასაკში  ქორწინება დღეისათვის საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ეს საზიანო პრაქტიკა, განსაკუთრებით მოზარდი გოგონებისათვის, უმეტეს შემთხვევაში ისეთი მძიმე შედეგების მომტანია,  როგორიცაა სოციალური და უფლებრივი გარიყვა, საზოგადოებისგან იზოლაცია. ასევე, ადრეული ქორწინება ხშირად ართმევს გოგონებს სრულფასოვანი განათლების საშუალებას.

მან ასევე აღნიშნა, რომ რელიგიათასაბჭოში შემავალმა ყველა რელიგიურმა გაერთიანებამ გამოხატა მხარდაჭრა და თანამშრომლობისთის მზადყოფნა ქალთა და გოგონათა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. განსაკუთრებული მადლობა კი თანამშრომლობისთვის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაუხადა. მისი თქმით,  მუსლიმი რელიგიური ლიდერების ინიციატივით, რეგიონულ სკოლებში შეხვედრების ორგანიზება და ადრეული ქორწინების შესახებ მომზადებული ბროშურების გავრცელება მოხერხდა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ხაზი გაუსვა იმ საკანონმდებლო ცვლილებას, როემლის მიხედვითაც 2017 წლის 1 იანვრიდან 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია. კანონი არ ითვალისწინებს გამონაკლის შემთხევვებს, როგორც ეს წინა ჩანაწერში არსებობდა.

გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა კი აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის პრაქტიკა,  ეს ფესვგადგმული პროცესია და ამას ნეგატიური სტატისტიკაც ადასტურებს. თუმცა,  ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის პრობლემა, არამედ ზოგადად ქვეყნის პრობლემაა. განსაკუთრებით ფემიციდის შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და მის ფარგლებში გასატარებელი საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი მექანიზმია, სახელმწიფომ პასუხი გასცეს ქალთა მიმართ ძალადობას.

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებასა და ეროვნულ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებზე ისაუბრა კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე,მ გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც ასევე უწყებათაშორისი კომისიის თანათავჯდომარეცაა.

როგორც მან თქვა, მთავარი ცვლილება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ კანონს შეეხო. გაფართოვდა ამ კანონის მოქმედების სფერო, რის შედეგადაც ის მოიცავს არა მხოლოდ ოჯახში, არამედ ზოგადად ქალის მიმართ გამოვლენილ ნებისმიერ ძალადობას.

ახალი რეგულაციებით შემაკავებელი  და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელია ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში. ასევე, მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი მიდგომა გაჩნდა მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.  სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მუხლი, რომლის მიხედვით, ქალთა გენიტალიების დამახინჯება სისხლის სამართლის დანაშაულია. დანაშაულად გამოცხადდა ასევე ადევნება, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლორთქიფანიძემ უწყებათაშორისი კომისიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა კომისია, რომლის ფუნქციაა,  ერთი მხრივ, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის პოლიტიკის შემუშავება, ხოლო მეორე მხრივ, კომისია ასრულებს სტამბოლის კონვენციის ეროვნული მონიტორინგის ფუნქციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაკა ფერაძემ შეხვედრაზე ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ პოლიციის საქმიანობის მეტი ეფექტიანობისთვის. მან თქვა, რომ სამაღთალდამცავების კვალიფიკაციისა და მგრძობელობის ამაღლების კუთხით მუდმივად მიმდინარეობს გადამზადება, პოლიციის აკადემიაში კი გაჩნდა ცალკე სასწავლო მოდულიც გენდერული თანასწორობის შესახებ. ასევე ისაუბრა სხვადასხვა სოციალურ კამპანიაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.

სტატისტიკაზე საუბრისას მაკა ფერაძემ აღნიშნა, რომ შარშან მთელი წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, წელს კი ექვსი თვის მონაცემებით უკვე გამოწერილია ანალოგიური რაოდენობის შემაკავებელი ორდერი. როგორც მან თქვა, სტატისტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ძალადობის მსხვერპლი ძირითადად ქალები და ბავშვები არიან.  

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ მუსლიმი რელიგიური ლიდერები. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის, რამინ იგიდოვის განცხადებით, ის გმობს ნებისმიერ ძალადობას ქალთა წინააღმდეგ.  როგორც ადრეული ქორწინების შესახებ აღნიშნა, წუხს, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის დაბალანსებული მუსლიმებთან და მათაც არ აქვს სწორი აღქმა აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა მანვე მიუთითა ადრეული ქორწინების რაოდენობის კლებაზე. მან მოიყვანა განმარტება ყურანიდან, რომ ისლამის მიხედვით,  ადამიანები მაშინ უნდა დაქორწინდნენ, როდესაც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად იქნებიან, ასევე შეეძლებათ იმ პასუხისმგებლობების აღება, რასაც ოჯახი გულისხმობს.

ამის შესახებ ისაუბრა მუსლიმთა სამმართველოს მუფტმა, იასინ ალიევმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არ არის სწორი წარმოდგენა, თითქოს ისლამში ადრეული ქორწინება მიღებულია. მან ხაზი გაუსვა, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია და ამას ისლამიც ამბობს. ამის დასამოწმებლად კი ერთ-ერთი მოციქულის სიტყვები მოიყვანა: „აკვნიდან საფლავამდე ცოდნა ეძიეო“.  

კონფერენციაზე გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ამგვარი შეხვედრების მნიშვნელობას. მისი თქმით, ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისათვის რომ დამოკიდებულება მივიტანოთ თემებამდე, ადამიანებამდე, რათა ხელი შეეწყოს სოციალურ ცვლილებებს მათი განათლების,  ინფორმირებულობის ამაღლებით და  დამოკიდებულებების შეცვლით.

კონფერენცია საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს  განცხადების მიღებით დაიხურა. განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია, რომ გოგონების გენიტალიების დამახინჯებას  არავითარი გამართლება არ აქვას რაიმე  ტრადიციით ან ჩვეულებით და ისლამისთვის ასეთი პრაქტიკა უცხო და მიუღებელია.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^