გელათის მონასტერი UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოდიფიცირებული საზღვრებით დატოვა. ამასთან ბაგრატის ტაძარი, რომელიც გელათთან ერთად სერიულ ნომინაციად იყო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მასზე წარმოებული სამუშაოების გამო ნუსხიდან ამოიღო.
ამჟამად მიმდინარეობს გელათის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაცია. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ამბობენ, არსებობს მონასტრის მართვის გეგმა, რაც მოიცავს 2017-2021 წლებს. მართვის გეგმის მთავარი ამოცანაა გელათის მონასტრის,როგორც კულტურული და ისტორიული ძეგლის, უნივერსალური ღირებულების, ავთენტურობისა და მთლიანობის დაცვა.
სააგენტოში „ლიბერალს" უთხრეს, რომ ასევე არსებობს გელათის კონსერვაციის გენერალური გეგმა, რომელიც 2009 წელს დამტკიცდა, ხოლო განახლდა 2015 წელს და წარმოადგენს მთავარ ჩარჩო დოკუმენტს, რომელშიც განხილულია ძეგლის შემადგენელი არქიტექტურული ნაგებობების და მათი ფერწერული და მოზაიკური დეკორის, ასევე არქეოლოგიური განათხარი ობიექტების კონსერვაციის სტრატეგიები. ამ გეგმის მიხედვით, რესტავრაცია ჩაუტარდა გელათის აკადემიის შენობას და მოხდა სახურავის რეკონსტრუქცია; რესტავრაცია ჩაუტარდა წმ. ნიკოლოზის სამრეკლოს,სამხრეთისა და აღმოსავლეთის კარიბჭეს. კონსერვაცია ჩაუტარდა გელათის მთავარი ტაძრის ფრესკებს და ა.შ.
ასევე მონასტრის გარეთ მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცხადებენ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე სამუშაოები, ყველა ჩამოთვლილი პროექტი შეთანხმებულია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტსა და ICOMOS-სთან. მათი თქმით, შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები სრულ თანხვედრაშია UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეგულაციებთან, რომელიც არაერთხელ დაადასტურეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოვლენილმა ექსპერტებმა.
გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების გამო, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გადაიტანეს.