თბილისის მერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მისი თანამშრომლის დაკავების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოთარ აბესაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, დედაქალაქის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს და მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში.
„ამასთან, გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო ბრძოლა მერიის სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებებისა და კორუფციის წინააღმდეგ და ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, მიიღება შესაბამისი ზომები, როგორ დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან.
მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს, ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს”, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფესა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.
„გარდა ამისა, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ, უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ დაეჯარიმებინათ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს.
მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ აბესაძე „ქართული ოცნების“ რიგებში 2012 წლიდან ირიცხება. იგი ხელმძღვანელობდა კოალიცია „ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას. შემდეგ კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი იყო.