თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკა „ლანცეტის“ ერთ-ერთი მფლობელი ფარმან ჯეირანლი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. როგორც „ლიბერალის" კორესპონდენტი სასამართლო პროცესიდან იუწყება, მოსამართლე ბრალდებულის მიმალვისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელშეშლის საფრთხეს ხედავს. ფარმან ჯეირანლის საქმის არსებითი განხილვა 25 ივლისს ჩაინიშნა.
როგორც დღეს სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და პირადად ილჰამ ალიევის პატიმარია.
ჯეირანლის თქმით, ვინაიდან ის ოპოზიციურად არის განწყობილი ალიევის მთავრობის მიმართ, ამის გამო ის ე.წ. „სიაში“ ერთ-ერთი იყო და როგორც მუხთარლი დაიჭირეს, იმავე მოტივით დაიჭირეს ისიც. აღნიშნა, რომ ალიევის მთავრობის დევნამ საქართველოშიც მოაღწიაო.
ჯეირანლი ამბობს, რომ ის „ლანცეტის“ უბრალოდ დამფუძნებელი და დირექტორია, წაყენებულ ბრალთან არანაირი შეხება არ აქვს. ის მიიჩნევს, რომ სასამართლო უნდა დაიტერესდეს, „ვინ „რეჟისორობს და ხელმძღვანელობს ამ სპექტაკლს".
მოსამართლის თქმით, მის საქმეში არ იკვეთება არანაირი პოლიტიკური დევნის ნიშნები, საქმე ეხება კონკრეტულ დანაშაულს.
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი ფ.ჯ პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამოა დაკავებული, რის შედეგადაც ორი პაციენტი დაიღუპა.
პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის“ დირექტორმა ფ.ჯ-მ, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერტიფიკატი არც ერთ საექიმო სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ფ.ჯ-მ მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პაციენტების მიზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები.