მოქალაქეები ე.წ. საოკუპაციო ხაზთან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აპროტესტებენ.
აქცია „ქრონიკა +“ ჟურნალისტების ინიციატივით დაიგეგმა. ბერშუეთისკენ მიემგზავრებიან ოპოზიციური პარტიის წევრები, მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ასევე რიგითი მოქალაქეები.
„სადაც დგას ნამდვილი მტერი!“- ამ სახელწოდებით საღამოს 8 საათზე სოფელ ბერშუეთში მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია გაიმართება.
„ზუსტად იმ დროს, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარში“ გაიმართება, ჩვენ გვსურს, დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან!
გვსურს, ჩვენს თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ოკუპაციაა. ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის მტერი, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში მდგომი რუსის ჯარია და არა საქართველოში კანონიერად მცხოვრები უცხოელები.
ეს აქცია ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციაა. ჩვენ გვსურს, ხმაურიანი განცხადებების გარეშე დავდგეთ საოკუპაციო ხაზთან და დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაღელვებს მცოცავი ოკუპაცია", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
ფოტო: კობა კოსტავა