საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში დღეს სახელმწიფო ვიზიტით ჩამოვა. პეტრო პოროშენკო თბილისს ოჯახსა და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან: სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მედიის წამომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
უკრაინის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, მათ ხსოვნას პატივს მიაგებს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს.
პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო - უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარას ესტუმრება. მესტიაში მარგიანების სახლ-მუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს და ტრადიციულ სვანურ კოშკს დაათვალიერებს.
ბათუმში კი პოროშენკო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება .
პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო - უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.