იმ ხალხს, რომლებსაც არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა აქტიური, ჭკვიანი და წარმატებული ქალებისთვის, ისღა რჩებათ, სიბინძურით სცადონ მათი დაკნინება, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქ გვერდზე „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტს.
„ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საჯარო სივრცეში აქტიური ქალის მიმართ სიძულვილის ხარისხი და გამოხატვის ფორმები ყველანაირ წითელ ხაზს სცდება. მეც არაერთხელ გავმხდარვარ უზრდელი თავდასხმების ობიექტი, ისევე, როგორ ყველა საჯარო სივრცეში აქტიური სხვა ქალი. ასე რომ, ძალიან კარგად მესმის რასაც ნიშნავს ასეთი ბინძური შემოსევები.
ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, იმ ხალხს, რომლებსაც არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა აქტიური, ჭკვიანი და წარმატებული ქალებისთვის ისღა რჩებათ სიბინძურით სცადონ მათი დაკნინება.
ამიტომ აუცილებლად გვეყოლება მეტი აქტიური ქალი საჯარო სივრცეში, სავალდებულო კვოტების საკითხს განვიხილავთ სესიის გახსნისთანავე", - წერს ჩუგოშვილი.