„ეს ორი დღე იყო ყველაზე ნათელი ჩემს ცხოვრებაში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გუშინ ბათუმში ქართულ-უკრაინული ბიზნესფორუმის გახსნისას. პოროშენკოს განცხადებით, ქართველებსა და უკრაინელებზე ახლოს ერთმანეთთან არავინაა.
„ეს ორი დღე იყო ყველაზე ნათელი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ მივიღეთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, პრეზიდენტების, მთავრობების ურთიერთობების უპირობო დადასტურება, არამედ ჩვენი ერების სტრატეგიული ურთიერთობის დასტურიც. ჩვენ მებრძოლი, მაგრამ ამავდროულად მშენებელი ქვეყნები ვართ. დღეს უკრაინა და საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები არიან.
ჩვენ გავატარეთ ძალიან ბევრი რეფორმა და კარდინალურად შევცვალეთ ქვეყანა. უკრაინელებმა და ქართველებმა მიიღეს უვიზო მიმოსვლა. მაგრამ, მე გთხოვთ ძვირფასო მეგობრებო, არ გავამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა - ეს არ არის მხოლოდ შესაძლებლობა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის, გადაკვეთონ ევროკავშირის საზღვარი ბიომეტრიული პასპორტით, არა - ნუ ამარტივებთ ამას, ეს არის საბოლოო დამშვიდობება საბჭოთა კავშირსა და რუსეთის იმპერიასთან და ჩვენ ვბრუნდებით ევროპული ერების ოჯახში", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოდან წუხელ გაემგზავრა.