საქართველოს შეემატება ძალიან მასშტაბური და მრავალფუნქციური ტურისტული ზონა - „ენგურჰესის" ტურისტული ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ენგურჰესის“ ტურისტული ზონის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, იწყება მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში მხოლოდ ერთია, კერძოდ, აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ჰუვერის ჰიდროელექტროსადგური, სადაც ასევე არსებობს მნიშვნელოვანი ტურისტული კომპლექსი.
„მოგეხსენებათ, დღევანდელი მსოფლიო უდიდეს ყურადღებას უთმობს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და გადარჩენას. სწორედ ამ პროექტის ხორცშესხმით გვეძლევა დღეს საშუალება, ჩვენც მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ინდუსტრიული მემკვიდრეობა და მეტიც, ღირსშესანიშნაობად ვაქციოთ იგი. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ყველა თვალსაზრისით სრულიად განსაკუთრებული, უნიკალური „ენგურჰესის" შენობა, რომლის თაღოვანი კაშხალი სიდიდით მეორეა მსოფლიოში და, შესაბამისად, ნამდვილად იმსახურებს ინდუსტრიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ენგურჰესის" ტურისტული ცენტრის პროექტის კონცეფციის თანახმად, რომელიც მრავალი ადამიანის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგია, ტურისტული ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი, მოეწყობა შემეცნებითი და აღმოჩენათა ცენტრი, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი - 280-მეტრიანი ლიფტი, მდინარე ენგურზე გადასახედები, ასევე - კომპონენტები ექსტრემის მოყვარულებისთვის.
პროექტის განხორციელების სტრატეგია ევროპის წამყვან კომპანიასთან - „კოკო არქიტექსთან" და გამოცდილ ესტონელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა. ასევე, გამოცხადებულია ტენდერი პროექტირებაზე, რისთვისაც სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი გამოყო.
პრემიერის თქმით, სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონი ლარი იქნება და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება პოტენციურ კერძო ინვესტორებთან. პროექტის მომზადებას დასჭირდება ერთი წელი, რის შემდეგაც დაიწყება უკვე სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები. რამდენიმე წელიწადში, მთლიანად, პროექტირება და მშენებლობა ერთად 5 წელს მოიცავს.
„ენგურჰესის“ ტურისტულ ზონაში მოეწყობა
· სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრი
· ექსტრემალური ატრაქციები
· მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლიფტი კაშხალზე (280 მ)
· რეგიონში ყველაზე გრძელი ე.წ „ზიპ ლაინი“
· ღია საკონცერტო სივრცე - გათვლილი 1500 მაყურებელზე
· სარეკრეაციო-გასართობი ზონები
· სანაოსნო ინფრასტრუქტურა
· გადასახედი მოედნები
· ვიზიტორთა შემეცნებითი სივრცე
► ენგურის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის კატეგორია განესაზღვრა 2015 წელს.
► „ენგურჰესის“ უნიკალურ კაშხალს ნამდვილად აქვს უდიდესი პოტენციალი მომავალ წლებში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.